მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტები აღარ გვყავს, საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს კრიტიკული პაციენტები აღარ ჰყავს.
ეზუგბაიას განმარტებით, ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ 44 ინფიცირებული პაციენტიდან 17-ს მძიმე პნევმონია აქვს.
„44 დადასტურებული პაციენტიდან გვყავს 17 მძიმე პნევმონიით. იცით, რომ კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს, საბედნიეროდ, იმ ორივე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და პროგნოზულად იმედი გვაქვს, ყველაფერი ასე გაგრძელდება, მძიმე პნევმონიებში გადავიდა მათი მდგომარეობა“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ შვიდ მოზარდს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რამდენიმე დღეში ალბათ დაგვჭირდება გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება და შესაბამის მონაცემებსაც მოგახსენებთ“ , – დასძინა მარინა ეზუგბაიამ.