მარინა ეზუგბაია - გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ვიმედოვნებთ, რომ მეოთხე უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან
თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ფასდება, როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მან კლინიკაში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო და სტაბილურია. ჩატარდება დამატებითი კვლევები.
„ახალი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ალბათ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. მათი ტესტირება მოხდა გუშინ და კვლევები ახლა დაიწყება, ჩატარდება დინამიურად, შესწავლის მიხედვით. დღევანდელი მონაცემებით პროგნოზის გარკვევა ჯერ შეუძლებელია. რამდენიმე დღის კვლევების შედეგების შეჯერებით შეიძლება, ვთქვათ მომავალში პროგნოზულად ეს პაციენტი მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში სამი პრობლემური პაციენტია, მეოთხესთან მდგომარეობა დასტაბილურდა.
„პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ორი ასაკოვანი და ერთი მძიმე პნევმონიით. მათი მდგომარეობაც სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება, გართულებები არ იქნება და ასე გავალთ ბოლომდე. მეოთხე პაციენტი, რომელიც არის მძიმე პნემონიით, იქ უკვე სტაბილურია სიტუაცია და ვიმედოვნებთ, რომ ის უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან. უკვე შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი პაციენტი“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.
ამასთან, მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი ადამიანი თბილისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც გაირკვა, აღნიშნული მოქალაქე თვითზილაციაში იმყოფებოდა. მარინა ეზუგბაიას თქმით, შემთხვევა შემოტანილია ესპანეთიდან.