მარინა ეზუგბაია -  გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილია, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ
მარინა ეზუგბაია - გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილია, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გორსა და სოფელ მატანში ინფიცირების შემთხვევები 5 სექტემბერს გორში გამართულ 100-კაციან ქორწილს უკავშირდება.

ეზუგბაია მოქალაქეებს კვლავ მიმართავს თხოვნით, თავყრილობებს მოერიდონ.

„გორში 5 სექტემბერს კვლავ ჩატარდა 100-კაციანი ქორწილი, რაც გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირების მიზეზი გახდა. მოსახლეობას, მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ, დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ, თუ არადა, მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რაც კიდევ უფრო ცუდად წაადგება სიტუაციას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და კახეთის სკოლაში გამოვლენილ შემთხვევებზე.

„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და კახეთში, სკოლაში იყო დაინფიცირების შემთხვევები, უნივერსიტეტის  შემთხვევაში უკვე მოძებნილია კონტაქტები და ყველა იზოლირებულია. რაც შეეხება კახეთის სკოლას, კიდევ კარგი, რომ არ არის სწავლის დაწყების პერიოდი, ბავშვები არ არიან ინფიცირებული. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა, ეს სიტუაციაც უკვე მართვადია. ძალიან დიდი სამუშაოები მიდის ქვეყანაში და იმედია, სიტუაცია მოწესრიგდება. კონტროლირებადია ყველა რეგიონი. იმედია, მალე განხორციელდება რისკ-ჯგუფების ლოკალიზება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.