მარინა ეზუგბაია - ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ არაჩვეულებრივ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ძირითად შემთხვევებში წყარო დადგინდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ ღმა ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, კორონავირუსის შემთხვევების უცნობი წყაროს მოძიება გარკვეულწილად შესაძლებელი იქნება.
ეზუგბაიას თქმით, მას არ შეუძლია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენი პაციენტია ამ ეტაპზე ქვეყანაში, რომლის ინფიცირების წყაროც დაუდგენელია.
„ამ ეტაპზე რამდენ პაციენტზეა საუბარი, ვისი წყაროც ვერ დადგინდა, ამაზე საუბარი ძალიან ძნელია, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ უკვე რამდენიმესი ცნობილია და გამჟღავნდება, რამდენიმე უცნობია, ამიტომ ციფრებს მე ვერ მოგახსენებთ“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ცნობილი წყარო, უცნობი წყარო არანაირ განსხვავებულ ტაქტიკას არ მოითხოვს ქვეყნისგან და თითოეული მოქალაქისგან. წყარო დადგენილი იქნება და მასთან კონტაქტი იქნება, თუ დაუდგენელი წყაროდან ინფიცირებული იქნება ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცნაირად არ ვიქცევით სწორად. არ ვაკეთებთ სოციალურ დისტანცირებას და არ ვხმარობთ პირადი დაცვის საშუალებებს“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მან კიდევ ერთხელ გააამხვილა ყურადღება იმ წესებისა და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც ჯანდაცვის სპეციალისტების მიერაა დადგენილი.
„სოციალური დისტანცირება ნიშნავს სოციალურ დისტანცირებას, ანუ შეკრებებისგან თავის შეკავებას, არა სავალდებულო შეკრებებისგან. მე არ ვამბობ, რომ სამსახურში ვინც დადის, რაღაც სამუშაო საათები – ამ შემთხვევაში უნდა იყოს სოციალური დისტანცირება და პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება.
ყველა შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ვიცით თუ არა წყარო, თავდაცვის საშუალებები ერთი და იგივეა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის წყარო ცნობილია, თუ უცნობია, ანუ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც უცნობ წყაროებთან.
ჩვენთვის ყველაფერი უცნობი უნდა იყოს. არ ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ ჩვენთვის ცნობილია წყარო და არ მივეკარებით, ჩვენი მოქმედება განპირობებული უნდა იყოს როგორც ყველა უცნობი წყაროს პირთან ურთიერთობა. ეს რას ნიშნავს, რომ ვიყოთ სოციალურ დისტანციაში და გვქონდეს პირადი დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების უნარ-ჩვევები.
ამიტომ, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ჩვენთვის, ჩვენი ახლობლებისთვის, ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც უცნობი წყარო, თავი უნდა დავიცვათ ყოველთვის სწორად. თუ გაირკვევა, რომ ნაცნობი წყაროა, ძალიან კარგი, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ქმედებებს, ჩვენს თავდაცვის საშუალებებს და სოციალურ დისტანცირებას. ჩვენ გავაგრძელოთ სწორად ცხოვრება, ეპიდემილოგები გააგრძელებენ თავიანთ არაჩვეულებრივ, კარგ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, მოხდება ყველა წყაროს მოძიება.
შეიძლება, ყველა ვერ მოიძიოს, იყოს რამდენიმე, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი ახალი შემთხვევა. მაინც გრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება, რაც არის ჩვენი თავდაცვა, მაგრამ დანარჩენი რაც ვთქვით, ისე უნდა გავაკეთოთ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.