მარინა ეზუგბაია - დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა, ახალი წყარო არ გვაქვს
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებს ორჯერ აჭარბებს. როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ამჟამად „კოვიდ“ ცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი.
„დაგვემატა მხოლოდ სამი კოვიდინფიცირებული და ახლა არის 735 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები გვყავდა 537 და 20 დაგვემატა. დღეისთვის გვყავს 557 გამოჯანმრთელებული. ეს არის დაახლოებით 74 პროცენტი არსებული დადასტურებული პაციენტების. ამ ეტაპზე „კოვიდ“ ცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე ორჯერ და მეტად უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ რაოდენობას. 166 მკურნალობს და 379-ით მეტია გამოჯანმრთელებული. სამი დადასტურებული შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდან არის. ახალი წყარო არა გვაქვს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 34 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც სამი მძიმე შემთხვევაა.
„ჩვენს ცენტრში დღეს, დილის მონაცემებით 38 პაციენტი გვყავდა აქედან ოთხი იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა „კოვიდინფექცია“ და ოთხივემ დატოვა დღეს კლინიკა და ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს და ერთი დილიდან შემოვიდა კვლავ გამოსაკვლევი შესაძლო შემთხევა „კოვიდზე“. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელი გვაქვს, კვლავ სამი მძიმე პაციენტია. მაგრამ ამ სამ მძიმე პაციენტთან როგორც, იცით სტაბილიზაციაც მიღებულია და მცირედი მაგრამ ყოველდღიური გაუმჯობესება შეინიშნება და მალე პროგნოზულად ვიტყვით, რომ მათთან კარგი გამოსავალი იქნება. ძირითადად საშუალო სიმძიმის პნევმონიით არიან პაციენტები და მსუბუქი პაციენტები, რა თქმა უნდა, პნევმონიის გარეშეა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.