მარინა ეზუგბაია - დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 112 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, დღეს გამოვლენის ხუთ ახალ პაციენტს შორის ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.
„დაგვემატა ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 973 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ორი პაციენტია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 846 გახდა. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში 112 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემთხვევიდან სამი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი არის საკარანტინო სივრციდან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო ერთის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შიდა გავრცელებასთან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ცნობით, ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.
„ჩვენ გუშინ გვყავდა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და გაეწერა. შეგვემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა. ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. ჩვენს სტაციონარში არსებული სიტუაციაც უცვლელია. დაავადების პროგრესირება არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება გამომდინარე აქედან, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. ამ დროისთვის ჩვენთან 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.