მარინა ეზუგბაია - ჩვენს პროტოკოლში „პლაქვენილი“ ამოღებული არ ყოფილა, დროებით შევაჩერეთ, გადავწყვეტთ, აღვადგენთ თუ არა
ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას, აღვადგენთ თუ არა „პლაქვენილის“ გამოყენებას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პროტოკოლიდან „პლაქვენილი“ ამოღებული არ ყოფილა, საუბარი იყო დროებით შეჩერებაზე.
„ერთხელ უკვე გითხარით, რომ ჩვენს პროტოკოლში ამოღებული არ ყოფილა „პლაქვენილი“ შეჩერებული იყო, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებში და პროტოკოლში დროებით შეჩერებაზე იყო საუბარი. ჩვენც დროებით შევაჩერეთ და ამუშავება ძალიან ადვილად არის შესაძლებელი, არ არის პრობლემა. გადაწყვეტილება მიიღება. გადავწყვეტთ, აღვადგენთ „პლაქვენილს“, გავაგრძელებთ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, „ჰიდროქსიქლოროქინით“ „კოვიდ-19“-ის მკურნალობის ცდები განახლდება. მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს დასკვნით, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამ პრეპარატზე ცდების შეჩერების მიზეზი არ არსებობს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.