მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ბავშვების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინ ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის მატ ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მისივე თქმით, აქედან განსაკუთრებით მძიმედ ფასდება ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა.
„ამ ოთხი პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება. დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. ჯერჯერობით მაინც ვამბობთ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობას და ანალიზს მოითხოვს“ ,- განაცხადა ერზუგბაიამ.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ხუთ ბავშვს, ეზუგბაია ამბობს, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.