მარინა ეზუგბაია - ჩვენს ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის პრობლემურად არ ფასდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის შემდეგ დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი მათ ცენტრში წევს, ხოლო სამი სხვა კლინიკაშია მოთავსებული.
ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტი ამ ეტაპზე პრობლემურად არ ფასდება.
„დილის შემდეგ გაიზარდა ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა. დილას იყო 66 პაციენტი და ამ დროისთვის არის 70. აქედან ერთი არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული და სამი მოთავესებულია სხვა კლინიკაში. კლინიკაში ჯამში 33 პაციენტი გვყავს. ამ ეტაპზე ასევე გვყავს მთლიანად ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი და 33 ამჟამად მკურნალობს. ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი. მისი კვლეევები გაგრძელდება და სადღაც 24-48 საათიანი დინამიკით ჩატარებული კვლევებით შეიძლება შევაფასოთ შემდგომში მისი პროგნოზული მდგომარეობა. არსებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ჩვენი პაციენტის წყარო ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება და დანარჩენი სამი, თუ არ ვცდები, მარნეულის კლასტერია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, დაახლოებით 12 პაციენტის ანალიზებია აღებული, რომელთა პასუხებსაც გვიან ღამით ელოდებიან.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და მათ განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ.
„როდესაც პირველი ნეგატიური პასუხი მიიღება ამ პაციენტებზე, შემდეგ 24 საათიანი ინტერვალით იქნება განმეორებითი პასუხი და პასუხის შესაბამისად მოხდება მათი ბინაზე გაწერა. ამ პროცესში გვყავს სამი პაციენტი, რომელთანაც პირველადად მიღებულია ნეგატიური პასუხი და განმეორებით ჩატარდება 2-3 დღის განმავლობაში ტესტირება, შემდგომში გაგრძელდება ტესტირების მონიტორინგი“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.