მარინა ეზუგბაია - ჩვენი ცენტრი დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 157-ს შეადგენს.
მისივე თქმით, ცენტრი დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.
„ჩვენს ცენტრში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ სამმა პაციენტმა დატოვა ცენტრი.
სულ ქვეყანაში იყო 28 გამოჯანმრთელებული, გახდა 31, აქედან 25 პაციენტი ჩვენი ცენტრიდანაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 15 პაციენტთან ჩატარდა „პისიარ“ ტესტირება და გერმანიიდან შემოყვანილ ყველა პაციენტთან იყო უარყოფითი პასუხი.
„ეს პაციენტები ქვეყანაში, როგორც ინფიცირებულები არ შემოსულან. ეს ძალიან კარგია. ეს ადამიანები გადაყვანილი არიან ისევ საკარანტინო სივრცეში. 14 დღის განმავლობაში ისევ დაკვირვების ქვეშ იქნებიან. თუ 14 დღის განმავლობაში სიტუაცია სტაბილური იქნება, თავის სახლებს ჯანმრთელები დაუბრუნდებიან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.