მარინა ეზუგბაია - არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს, შენს თავს უნდა უთხრა, რომ შეზღუდვებს მაქსიმალურად დავიტოვებ, ვეცდები, სამომავლოდ არაფერი გავაფუჭო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქების პერიოდში მოქალაქეებმა თავიანთი ქცევა თავად უნდა გააკონტროლონ, რათა ქვეყანაში მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს.
„რეგულაციების შესუსტება-შენელება, შემცირება, შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად, ქართველებმა, თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ, როგორც მოქალაქეები, ისე დანარჩენებიც. აქედან გამომდინარე, ვნახეთ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მივმართავ მოსახლეობას, ყველას, რომ ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად, თვითონ უნდა გადაწყვიტონ, აუცილებლად გააგრძელონ ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს.
როცა იცი, რომ შენს ქვეყანას, შენ გვერდით მყოფს სჭირდება, ყველას სჭირდება, საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ დავიტოვებ ამ შეზღუდვებს მაქსიმალურად და ვეცდები, არაფერი არ გავაფუჭო სამომავლოდ. თუ ჩვენ ყველანი – თქვენ, მე და ყველა, ასე მოვიქცევით და შეზღუდვების მიუხედავად, თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ალბათ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი კარგი იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.