მარინა ეზუგბაია - ამ ეტაპზე ქვეყანაში „პლაქვენილის“ მარაგი საკმარისია, მომავალში იგეგმება მისი შემოტანა
მარინა ეზუგბაია - ამ ეტაპზე ქვეყანაში „პლაქვენილის“ მარაგი საკმარისია, მომავალში იგეგმება მისი შემოტანა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში პრეპარატ „პლაქვენილის“ მარაგი, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობა უტარდებათ, საკმარისია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, მომავალში მედიკამენტის შემოტანა იგეგმება.

„ჩვენ პირველებმა დავიწყეთ „პლაქვენილის“ გამოყენება და ამ პრეპარატის გამოყენებას წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელებთან. მათთან გასაუბრებისას გამოვლინდა, რომ „პლაქვენილით“ მკურნალობის შედეგები ყველაზე კარგი იყო. ჩვენმა ხელმძღვანელმაც გადაწყვიტა, რომ თავიდანვე გამოგვეყენებინა „პლაქვენილი“ და პირველი დღეებიდანვე, პირველივე პაციენტებიდანვე ვიყენებთ „პლაქვენილს“. შედეგებზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ჯერ ძალიან ძნელია, მაგრამ მომავალში გამოჩნდება. კვლევებს თავისი ხასიათი აქვს, იქ უნდა ჩატარდეს სპეციალიზებული კვლევები, რათა ერთმანეთს შეადაროთ ორი ჯგუფი – „პლაქვენილით“ მკურნალობაში მყოფი და „პლაქვენილის“ გარეშე მკურნალობაში მყოფი. მაგრამ ჯერჯერობით ჩინელების გამოცდილებას ვემხრობით და სხვა ქვეყნებიც იყენებენ. ქვეყანაში, როგორც ვიცი, ამჟამად არსებულ პაციენტებზე ნამდვილად საკმარისია მარაგი და მომავალში იგეგმება ამ პრეპარატის შემოტანა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.