მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პირს ამჟამად სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პირს ამჟამად სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, კლინიკაში 34 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან ორთან კორონავირუსი დადასტურდა, ხოლო დანარჩენთან მიღებულია უარყოფითი პასუხი.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ერთი პაციენტის შემთხვევაში კვლევა გრძელდება.

ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ, ნელა-ნელა საკარანტინო სივრცეში გადადიან.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე ტესტი ჩასატარებელი აქვს კიდევ 14 პაციენტს.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაია ამბობს, რომ პირველი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება.

მისივე განმარტებით, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გრძელდება მაღალი ცხელება, ორმხრივი პნევმონია, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება.

„მაგრამ ასე დაწყნარება არ შეიძლება, დინამიკაში მონიტორინგი და დაკვირვებაა საჭირო. დანარჩენებთან სხვადასხვა სიმპტომატიკა ვლინდება. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევით დადასტურებულია პნევმონია, მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი, მართალია ამ დროისათვის არც ერთ პირს სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ ემუქრება, ამ წუთში არ აღენიშნება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რადგან ამ დაავადებას ახასიათებს პროგრესირება – შესაძლოა მსუბუქ, საშუალო ან მძიმე ფორმაშიც კი მოხდეს დაავადების პროგრესირება და ნებისმიერი გართულების გამოვლენა. აქედან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 15 პირია ინფიცირებული.