თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი წევს.
მისივე თქმით, მათგან ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემურია.
„ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 30 ინფიცირებული, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან, რისკი – ასაკობრივი ზღვარი ამ ოთხ პაციენტთან არის სხვადასხვა. ერთ-ერთი მათგანი არის ხანდაზმული. ყველა ამ ოთხ პაციენტთან არის თან არსებული მძიმე დაავადებები, ერთთან მძიმე ნევროლოგიური, მეორესთან მძიმე ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. ჯერჯერიბით არსებულ მკურნალობას ექვემდებარებიან და მზარდი პროგრესირება არ შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა არ არის მხოლოდ პაციენტზე დამოკიდებული, დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს და პროგნოზი ყოველთვის შესაძლებელია, არ იყოს კარგი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 54 შემთხვევიდან 35 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენი 19 პირი კი ხუთ სხვა დაწესებულებაში.
„აქამდე გამოჯანმრთელების სამი შემთხვევა გვქონდა და სამივე მათგანმა კლინიკა დატოვა, გუშინ კიდევ შემოგვემატა ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელებული და აქედან სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერა ორი მათგანი. სამი პაციენტი მართალია გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონია და ამიტომ დღეს მოხდება სხვა მინაცემების კლინიკურად შეფასება. თუ ყველაფერი წესრიგში გვექნება, ეს სამი პაციენტიც დღეს დღის განმავლობაში დატოვებს ცენტრს. აღარ ვსაუბრობთ კონკრეტულ კლასტერებზე, ზოგი ადრე შემოვიდა ზოგი გვიან, მაგრამ შესაძლებელია ერთმანეთს გაუსწრონ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ვხედავთ,რომ ეტაპობრივად ტოვებენ ცენტრს გამოჯანმრთელებული პაციენტები, იმედია, უფალი შეგვეწევა ბოლომდე“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ მედიკამენტ „პლაქვენილზეც“ ისაუბრა.
„ერთხელ ვთქვი, რომ პრეპარატი, რომლის გამოყენებაც თურმე ხალხმა დაიწყო, არ არის პრევენციული ღონისძიების. ამიტომ არანაირი საფუძველი არ აქვს მოსახლეობას, შეიძინოს და სახლში დადოს ეს პრეპარატი, რადგან თუ ადამიანი ავად არ გახდა და კლინიკაში არ მოთავსდა, ანუ მას არ დასჭირდა სტაციონარული მეთვალყურეობა, ამ პრეპარატის გამოყენება არ არის აუცილებელი და არც საჭირო. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იყიდო, დაიდო სახლში და შეინახო, არაგონივრული გადაწყვეტილებაა“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.