მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პერიფერიულ სისხლში არსებული მონაცემებით, ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ დაუდასტურდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ დროისთვის ჩატარებული კვლევებით, მათ კლინიკაში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვთ, თუმცა, ლუგარიის ლაბორატორიის კვლევის პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
„გუშინ ჩვენს ცენტრში მოთავსდა ირანის ოთხი მოქალაქე – ერთი ქალბატონი და სამი მამაკაცი, დაახლოებით 20-30 წლამდე ასაკის. ჩინეთის გავლით შემთხვევები მესამე ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდია და განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ირანის მოქალაქეებს იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო სამი დღეა, რაც ირანში პირველად დადასტურდა ახალი კორონავირუსის დაავადების შემთხვეები, ამ სამი დღის განმავლობაში, 29 შემთხვევიდან 6 გარდაცვალებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყანა განსაკუთრებით ფრთხილობს ამასთან მიმართებაში. მოთავსებისას, ყველას აღენიშნებოდა ცხელება. ცხელებასთან ერთად, ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა ფილტვის ანთება, A და B ტიპის ვირუსი. პერიფერიულ სისხლში არსებული მონაცემებით, არ დასტურდება ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკიური ნიშნები, როგორიც არის ლეიკოპენია და ლიმფოპენია. დიდი ალბათობით, ჩატარებული კვლევების შედეგად, ალბათ აქ არ დადასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირება, მაგრამ ჩვენ დღეს ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, აიღებენ ტესტს და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება ტესტის პასუხი, სავარაუდოდ ნეგატიური“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების შეფასების შემდეგ, შესაძლოა, ირანის მოქალაქეებმა კლინიკა მალევე დატოვონ.
„აქ გაჩერება დამოკიდებულია ტესტის პასუხზე. ტესტის. პასუხი თუ ნეგატიური იქნება, აქედან გამომდინარე, დღის განმავლობაში შეფასდება მათი მდგომარეობა, კლინიკური მონაცემები ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად და შესაძლებელია, რომ ამ პაციენტებმა 24 საათის შემდეგ ან ამ პერიოდშივე დატოვონ ჩვენი ცენტრი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.