მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ რვა პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტიდან რვას პნევმონია აღენიშნება.
ეზუგბაიას თქმით, მათგან ოთხი პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.
„ამ 28 პაციენტიდან, შემატებულ პაციენტებს შორის უკვე გარკვეულწილად ჩვენ ვთქვით, რომ გვყავს პნევმონიით დაავადებული რვა პაციენტი. აქედან ოთხი პაციენტი მძიმე პნევმონიით ფასდება. დაწყებული მკურნალობის ფონზე სტაბილური სიტუაციაა და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება. ამ დონეზე თუ შეგვიჩერდება პროცესი, ეს ძალიან კარგი იქნება, ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება, გამოჯანმრთელებისგანაც შორს არ ვიქნებით. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში, საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. აქაც, ამ ეტაპზე მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და მათთანაც ჯერჯერობით არ შეინიშნება პროგრესირება, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაცია არ ნიშნავს აუცილებლად სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას. მიუხედავად მკურნალობისა, დაავადების პროგრესირება შესაძლოა, ნებისმიერ ეპიზოდზე განვითარდეს, გამოვლენიდან 13 დღის განმავლობაში. ამიტომ ძალიან ვფრთხილობთ, როცა ვლაპარაკობთ და სტატუსებს ვაფასებთ. ყოველდღიურ რეჟიმში გელაპარაკებით, მაგრამ ეს საუბარიც ფრთხილია, რადგან ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს მდგომარეობის დამძიმება. ვიმედოვნებთ, ასე არ იქნება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.