მარინა ეზუგბაია - 27 ახალი ინფიცირებულიდან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი - თეთრიწყარო, ორი - მარნეული, ოთხი კი, საკარანტინო სივრციდან
27 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისს უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვი 27-ით გაიზარდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ახლა 566-ს შეადგენს. ასევე, ექვსით, 178-დან 184-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
„თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 376 პაციენტი. 27-დან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი – თეთრიწყარო, ორი არის მარნეულის, ოთხი – საკარანტინო სივრციდან. დანარჩენის წყარო უცნობია, ახლა ხდება მისი მოძიება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
როგორც მან აღნიშნა, ახალი პაციენტებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არ შეუყვანიათ.
„ჩვენთან რჩება იგივე მონაცემები. გუშინ გვყავდა 43 დადასტურებული პაციენტი. აქედან ჩვენთან ორი გამოჯანმრთელდა და ამჟამად გვრჩება 41 პაციენტი. გვყავდა გამოჯანმრთელებული 65 და ახლა არის 67“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ახალინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება განსაკუთრებით დაავადების პირველი კვირა და თუნდაც მეორე კვირა. 14 დღის, საშუალოდ, 10 დღის განმავლობაში შესაძლებელია, იყოს დაავადების პროგრესირება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სიმძიმის დაავადებაა. შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და პროგრესირდეს. საბედნიეროდ, ხშირად არ ხდება ასე და ვნახოთ, ამ შემთხვევაში როგორ იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მისი თქმით, ინფექციურში მყოფი 11 მოზარდი ინფიცირებულიდან ერთი გამოჯანმრთელდა.
„11 მოზარდიდან ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ორ გამოჯანმრთელებულში ერთი მოზარდია, რომელმაც უკვე დატოვა კლინიკა. დღეების გათვალისწინებით გრძელდება გამოჯანმრთელების მონიტორინგი. ვნახოთ, კიდევ რამდენი გამოჯანმრთელებული შეგვემატება“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.