მარინა ეზუგბაია - 24 ახალი შემთხვევა მომეტებულად გეჩვენებათ, მაგრამ სრულიად გასაგებია, რადგან კვლევა ტარდება გარდაბანში, რომელიც დიდი მუნიციპალიტეტია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გასაკვირი არ არის, ვინაიდან საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტის, გარდაბნის სოფლების მოსახლეობის კვლევა მიმდინარეობს.
ეზუგბაია იმედოვნებს, რომ ინფიცირებულების იზოლირებით, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენისა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანის შედეგად, ე.წ. გარდაბნის კლასტერში ინფიცირებულების რაოდენობა თანდათან შემცირდება და დინამიკაში მატება აღარ დაფიქსირდება.
„ყველაფრის მართვა შეიძლება, თუ თითოეული მოქალაქე მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგება ვითარებას. ხომ ვიცით, კოვიდი არსად წასულა. დავიცვათ არსებული რეგულაციები და საპანიკო სიტუაცია არ გვექნება. კარგა ხანია, ასეთი რაოდენობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ყველაზე დიდი მაჩვენებელი ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა 33 ახალი შემთხვევა ერთი დღეში.
24 ახალი შემთხვევა ცოტა მომეტებულად გეჩვენებათ, მაგრამ ეს სრულიად გასაგებია, რადგან გარდაბანი დიდი მუნიციპალიტეტია, მისი მოსახლეობის კვლევა ტარდება. იმედია, ხვალ, ზეგ, მაზეგ, ინფირებულების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, რადგან ხდება კვლევა, ინფიცირებულების იზოლირება და მათთან კონტაქტში მყოფი პირების დაკარანტინო სივრცეში გადაყვანა. ეს არის სწორედ იმის თქმის საფუძველი, რომ დინამიკაში მატება ამ კლასტერშიც არ გვექნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.