მარინა ეზუგბაია - 10-11 ახალი შემთხვევა არ არის კატასტროფა და კოვიდთან მიმართებაში ქვეყნის მიღწევებზე გავლენას არ მოახდენს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყოველდღიურად კორონავირუსის 10-11 შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელი არ არის და ვერ მოახდენს გავლენას ქვეყანაში კოვიდთან დაკავშირებით არსებულ მიღწევებზე.
ეზუგბაიას თქმით, ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტების კვლევა და წყაროების დადგენა ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი ზრდა.
თუმცა, ეზუგბაია კვლავ განმარტავს, რომ ამისთვის აუცილებელია ყველა ადამიანის მიერ რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა.
„ერთი ათეული, ერთნიშნა რიცხვები, თუნდაც ორნიშნა ციფრები, 10, 11 არ არის კატასტროფა და შემთხვევების ასეთი ზრდა არ მოახდენს გავლენას ქვეყნის მიღწევებზე კოვიდთან მიმართებაში. მთავარი და აუცილებელია, რომ ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტების კვლევა და წყაროების დადგენა ხორციელდება, ეს არ წარმოადგენს პრობლემას. უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა, რაც დაავადებათა კონტროლი ამ პროცესს წარმატებით ახორციელებს და ასევე წარმატებით გააგრძელებს. ჩვენზე, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს. ეს რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური.
ყველა სექტორმა – სამედიცინო სექტორმა, მოსახლეობამ თუ სხვა სექტორმა, უნდა შევასრულოთ რეგულაციები და ინფექცია მკაცრად გაკონტროლდეს. თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანაში არ იქნება საშიშროება იმისა, რომ უმართავი გახდეს ეს სიტუაცია. ისევ იქნება ასეთივე ზომიერი, კონტროლირებადი ზრდა. „კოვიდი“ არსად წასულა, აქაა. ხომ ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ოაზისივით ვართ ამ გარემომცველ ქვეყნებთან მიმართებით. ეს ყველაფერი რომ შევინარჩუნოთ, რეგულაციები უნდა გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ვაქცინის გამოშვებისთანავე, მთავრობის უპირველესი მოვალეობა მისი შეძენა იქნება.
„ქვეყანა ისე წარმატებით ებრძვის „კოვიდ-19“-ს, რომ ვაქცინის გამოშვებისთანავე, დარწმუნებული ვარ, მთავრობის უპირველესი საქმე და მოვალეობა იქნება, შეიძინოს ვაქცინა და მოსახლეობას ჩაუტაროს პროფილაქტიკური აცრები“, – დასძინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.