მარინა ენდელაძე - ზეგისთვის შესაძლოა, ხუთი ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს
თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამი პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტზე პირველადი კვლევის პასუხი უკვე მიიღეს და ის უარყოფითია.
აქედან გამომდინარე, ენდელაძე ამბობს, რომ შესაძლოა მალე გამოჯანმრთელებულების რაოდენობას ხუთი დაემატოს.
„განმეორებით ტესტს რაც შეეხება, დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი, ველოდებით პასუხებს, ასევე ორზე პირველადი კვლევა დღეს მივიღეთ უარყოფითი. იმ ორის პასუხსაც ხვალ გავაგზავნით. ანუ, შესაძლოა ზეგისთვის ხუთი ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს“ ,- აღნიშნა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, მათგან ამ დროისთვის რვა პირია გამოჯანმრთელებული.