კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს კვირის ბოლოს ჩაუტარდება განმეორებითი ანალიზი, რის შემდეგაც გადაწყდება, დატოვებენ თუ არა ისინი ბოქსირებულ განყოფილებას
კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს კვირის ბოლოს ჩაუტარდება განმეორებითი ანალიზი და პასუხების შემდეგ გადაწყდება, დატოვებენ თუ არა ისინი ბოქსირებულ განყოფილებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს დილიდან, ბოქსირებულ განყოფილებას სამი პაციენტი დაემატა.
„დღეს, დილის 10:00 საათისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იყო 19 ავადმყოფი, ამ დროისთვის დაგვემატა სამი პაციენტი. სამივე გახლავთ მილანიდან ჩამოსული. ჩვენთან შემოსულები არიან გამოსაკვლევად. ველოდებით კიდევ ორ პაციენტს, რომლებმაც ასევე იმოგზაურეს მილანში. ფიქსირდება დაბალი სიცხე. მნიშვნელოვანი ჩივილები არ გააჩნიათ. ამ ახალი პაციენტების გარდა ყველასთვის აღებულია ანალიზი და ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება იმ სამ პაციენტს, რომლებსაც დაუდასტურდათ კორონავირუსი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება სიცხე. რაც შეეხება განმეორებით ანალიზებს, ვფიქრობთ, კვირის ბოლოს ჩაუტარდებათ და პასუხების შემდეგ გადაწყდება, დატოვებენ თუ არა ბოქსირებულ განყოფილებას“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.