მარინა ენდელაძე - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათგან ორის კი კრიტიკული
გვყავს ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები, რომლებიც რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.
„ახლა ჩვენ 34 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ამათგან ოთხი ძალიან მძიმეა, საიდანაც ორი კრიტიკულიც კი არის. ერთი გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ისიც ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის პნევმონია აქვს და გარდა ამისა, აქვს სხვა თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც გარკვეულ რისკს ქმნიან. ამდენად, ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები გვყავს. ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული“, – განაცხადა ენდელაძემ.
როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, ბოქსირებულ განყოფილებაში 30 პაციენტია მოთავსებული და მათ შორის, მძიმე პაციენტებიც არიან, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი სარეანიმაციო ღონისძიებებს არ საჭიროებენ.
მისი თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში არიან ასევე მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტებიც.
„დღეს ველოდებით პასუხებს. ჯერჯერობით, არ არის მოსული. შესაძლოა, გაწერა კიდევ გვექნეს დღის ბოლოს, გვიან. სხვა მხრივ, მობილიზებული ვართ და ისეთივე რეჟიმით ვმუშაობთ, როგორც ვმუშაობდით. დაახლოებით, ღამის 11-12 საათზე მეორე კონსილიუმი დგება და აბსოლუტურად ყოველდღიურად გავდივართ ყველა პაციენტს“, – განაცხადა ენდელაძემ.
მარინა ენდელაძემ ასევე განაცხადა, რომ პაციენტების გამოკვლევა ყველა კუთხით მიმდინარეობს და მათ ძალიან აკადემიური მკურნალობა უტარდებათ.
„დიდი ზომები გვაქვს, რომ გამოჯანმრთელებებს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ვნახოთ, რა იქნება, რადგან რისკჯგუფები მაინც რისკჯგუფებია. თუმცა, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება და რა თქმა უნდა, ახალგაზრდებსაც ძალიან უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ახალგაზრდების დამძიმების შემთხვევებიც არის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.