მარინა ენდელაძე - გამოჯანმრთელებულ ხუთ პაციენტს შორის ერთ-ერთს მძიმე პნევმონია ჰქონდა, ამიტომ კორონავირუსზე უარყოფითმა პასუხმა უფრო მეტად გაგვახარა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტიდან ერთს დაავადების მიმდინარეობის ეტაპზე მძიმე პნევმონია აღენიშნებოდა.
„დღეს დღის ბოლოს მივიღეთ პასუხები. ხუთი პაციენტის მდგომარეობა ისედაც დამაკმაყოფილებელი იყო და მივიღეთ უარყოფითი პასუხები. ანუ გამოჯანმრთელდნენ, კორონავირუსზე უარყოფითია შედეგი, ე.ი. ვირუსი არ არსებობს, რამაც ძალიან გაგვახარა დღის ბოლოს ნამდვილად. კიდევ უფრო მეტად გაგვახარა იმან, რომ ამ პაციენტებს შორის ერთ-ერთი პაციენტი იყო მძიმე პნევმონიით და საბედნიეროდ, უარყოფითია, უკვე ვირუსი აღარ აღენიშნება ამ პაციენტს. ხვალ ჩავუტარებთ დამატებით კვლევებს, რადიოლოგიურ გამოკვლევას და შემდგომში დიდი იმედი გვაქვს, რომ გავწერთ ბინაზე. ველოდებით დამატებით ხუთი ადამიანის სახლში გაწერას, საერთო ჯამში გვეყოლება რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი“ ,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორონავირუსით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს პნევმონია აქვს და მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად საყურადღებოა.
„მათ შორის, ჩვენთან ოთხი პაციენტი მძიმეა, ორი განსაკუთრებით მძიმე და საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, უმეტესობის გაუმჯობესებული, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ველოდებით, ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით მათ შესახებ ვერაფერს. შესაძლოა მოხდეს დამძიმებაც. თუმცა, ჯერ მიმდინარეობს მკურნალობა, მიმდინარეობს კვლევები და საამისოდ ჯერჯერობით წინა მონაცემები არ გვაქვს“ ,- განაცხადა მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ჩართვისას.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ჯამში რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამმა კლინიკა უკვე დატოვა.