მარინა ენდელაძე - ერთდროულად ორი ინფექციის არსებობა პაციენტების მდგომარეობას ძალიან დაამძიმებს, ამიტომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია აუცილებელია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.
ენდელაძის თქმით, იმ პირობებში, როცა ჯერ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, აუცილებელია სეზონური გრიპის წინააღმდეგ აცრა, რათა ადამიანს არ ჰქონდეს გრიპი და ამავდროულად არ იყოს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული, რაც მდგომარეობას უფრო გაართულებს.
„ზოგადად, ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ყოველთვის ამის რეკომენდაციებს გავცემდით, რომ აუცილებელია ვაქცინაცია, მით უმეტეს გრიპზე არის საუბარი. ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად აუცილებელია, რადგან კოვიდინფექცია არასად წასულა და შემოდგომისთვის კიდევ ველოდებით. ეს ზუსტად არავინ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ იქნება, მოიმატებს. ამიტომ, აუცილებელია გრიპზე ვაქცინაცია. ვიცით, რომ ჯერ არ გვაქვს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამიტომ გრიპის ვაქცინა აუცილებელია, რომ ერთდროულად არ მოხდეს პაციენტების დაინფიცირება, როგორც კოვიდით, ასევე გრიპით.
რა თქმა უნდა, ორი ვირუსის ერთდროულად არსებობა სიტუაციას დაამძიმებს და ამდენად, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად ამ წელს, როგორც არასდროს, ისე გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, გაუფრთხილდნენ თავიანთ თავს და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განუცხადა ენდელაძემ საქართველოს პირველ არხს.
კითხვაზე, გრიპზე აცრილი ადამიანი მსუბუქი ფორმით გადაიტანს კორონავირუსს?-ენდელაძე ამბობს, რომ ეს ერთმანეთთან კავშირში არ იქნება.
„ამასაც ახასიათებს პნევმონია, გრიპსაც ახასიათებს მძიმე პნევმონიით გართულება უპირატესად, ვირუსულიც და პარალელურად სტაფილოკოკით გართულება, სხვა მიკრობებით გართულება. ამდენად, ორი სხვადასხვა პათოლოგიური პროცესით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება. ვაქცინაციით ჩვენ თავს ავიცილებთ გრიპს და არა „კოვიდ-19“-ს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ იყოს მარტო ერთი ინფექცია და არა – ორი. ერთდროულად ორი ინფექციის არსებობა ძალიან დაამძიმებს პაციენტების მდგომარეობას და ამდენად, აუცილებლია ამ სეზონზე ვაქცინაციის ჩატარება“,- განაცხადა ენდელაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს სეზონური გრიპის ვაქცინაცია გაფართოვდება.