მარინა ენდელაძე - ჩვენ უფრო ადრე გამოვავლინეთ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები, ვიდრე ეს მთელ მსოფლიოში მოხდა
ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მართლაც კარგად მოხდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ შემთხვევები დაფიქსირდა და გამოვლინდა. ჩვენს ქვეყანაში პრევენცია მართლაც კარგად მოხდა. შეიძლება, ვიღაცებს აქვთ ილუზიები და უნდათ, ეს ყველაფერი გააფუჭონ და თქვან, რომ ჩვენთან არაფერი კარგად არ მომხდარა, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა, გითხრათ, რომ პრევენციის კუთხით ყველაფერი კარგად მოხდა. შეთანხმებული მუშაობის და კოორდინაციის შედეგად, ჩვენ უფრო ადრე გამოვავლინეთ და მოვიყვანეთ უსიმპტომო პაციენტები, ვიდრე ეს მთელ მსოფლიოში მოხდა. მე ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა რისკის თავიდან ასაცილებლად, გარდა იმ რეკომენდაციების შესრულებისა, რომელიც ჰიგიენის დაცვას ეხება, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ თუ ძალიან აუცილებელი არ არის, მოქალაქეებმა ამ ეტაპზე თავი უნდა შეიკავონ მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობისგან.
„თუ იცი, რომ ეს არის მაღალი რისკის ქვეყანა და იცი, რომ შენ იქიდან ჩამოხვედი და საკარანტინო პერიოდი გეკუთვნის, ამის დაცვა აუცილებელია. ეს მარტო შენ არ გიცავს. ეს იცავს შენს ირგვლივ მყოფებს და მთლიანად, მოსახლეობას. სოციალური პასუხისმგებლობა ნამდვილად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სამკურნალო მხოლოდ ერთი პაციენტია, რომელსაც მედიკამენტური, სერიოზული ჩარევა სჭირდება.
„სამკურნალო მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს, რომელსაც მედიკამენტური, სერიოზული ჩარევა სჭირდება. დანარჩენებთან განსაკუთრებული სიმძიმე არ არის; სუბკლინიკური, მსუბუქი ფორმებია და მათ სიმპტომატური დახმარება სჭირდებათ. მათთან მედიკამენტური მკურნალობა მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს სიმპტომატური თერაპია. კორონავირუსის დროს ძირითადად, სიმპტომატური თერაპიაა, მაგრამ ბოლოს შემუშავებული პროტოკოლებით არის რეკომენდაციები, რითაც ოფიციალურად იწყება თერაპია. აი, ეს თერაპია არ სჭირდებათ დანარჩენ პაციენტებს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არიან თუ არა ეს პაციენტები განსაკუთრებულ რისკჯგუფში, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ რისკჯგუფში არც ერთი მათგანი არ არის და ამ მხრივ, საშიშროება არ არის.
„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, კარგი იქნება და დარწმუნებული ვარ, ისინი გამოჯანმრთელდებიან. თუმცა, ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.