მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების გამგის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, 44 წლის პაციენტის მდგომაროება შედარებით გაუმჯობესდა.

„მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მკურნალობა, მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის არიან მსუბუქი სიმძიმის, საშუალო და მძიმე. თუმცა ერთი პაციენტს, რომელიც მძიმე გახლდათ, შედარებით დადებითი დინამიკა აქვს“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 45 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 კორონავირუსით ინფიცირებული.

„მივიღეთ დღეს რვა პაციენტის პასუხი, მათგან ყველა იყო უარყოფითი“ ,- დასძინა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძე ამბობს, რომ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდგინდა, ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ინფექცია კვლავ დაუდასტურდა.

„ისევ დადებითი იყო ორი კვირის წინ შემოსული პაციენტის პასუხი. ორი კვირა კი გავიდა, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ აუცილებლად იქნებოდა უარყოფითი, რადგან ამ პაციენტს ჰქონდა ფილტვების ანთება. ამ შემთხვევაში ეს სრულიად დასაშვებია. დაახლოებით ერთი კვირა იქნება კიდევ საჭირო მისი სტაციონარში დაყოვნება და ვნახავთ შემდგომში. თუ რამდენჯერმე იქნება უარყოფითი პასუხი, ამ შემთხვევაში გაეწერება. ვისაც გაუმეორდა ტესტი, კვლავ აქვს დადებითი, გამოჯანმრთელება არ ფიქსირდება. ორი კვირა არ არის ის დრო, რომ პასუხი იყოს უარყოფითი, რადგან იქ იყო ფილტვების ანთება და არ ველოდებით, რომ აუცილებლად უარყოფითი პასუხი იქნება“ ,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე ფასდება, როგორც მსუბუქი შემთხვევა.

„ზოგადად, შემოსვლისას უფრო ხშირად არის მსუბუქი, მაგრამ შემდგომში მაინც ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია და ველოდებით ხოლმე მდგომარეობის გაუარესებას, მაგრამ ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია. ყველა პაციენტის მართვა გრძელდება, რაიმე განსაკუთრებული ჩარევები და ინტენსიური თერაპია მათ არ დასჭირვებიათ“ ,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 24 ინფიცირებულია.