მარინ ლე პენი - პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დავტოვებ ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას, თუმცა უარს არ ვიტყვი მეხუთე მუხლზე
მარინ ლე პენი - პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დავტოვებ ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას, თუმცა უარს არ ვიტყვი მეხუთე მუხლზე

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას დატოვებს, თუმცა ალიანსის წესდების მეხუთე მუხლზე უარს არ იტყვის. ამის შესახებ მან დღეს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვიმეორებ ამას ორაზროვნების გარეშე, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მე დავტოვებ ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას, თუმცა არ ვიტყვი უარს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე – ზუსტად ისე, როგორც ეს იყო 2009 წლამდე“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, მას ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობების დაახლოება სურს.

„როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და დარეგულირდება სამშვიდობო შეთანხმებით, მე მოვუწოდებ ნატო-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული დაახლოების განხორციელებისკენ, როგორც ეს ოდესღაც განიხილებოდა. ეს არის საფრანგეთისა და ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.