მარინ ლე პენი - ჩვენი ქცევის კოდექსი არასდროს იქნება სასტიკი, სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის ზიანის მომტანი, არამედ ისეთი პაციფისტური, როგორიც იყო მარტინ ლუთერ კინგის
მარინ ლე პენი - ჩვენი ქცევის კოდექსი არასდროს იქნება სასტიკი, სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის ზიანის მომტანი, არამედ ისეთი პაციფისტური, როგორიც იყო მარტინ ლუთერ კინგის

ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მშვიდობიანი გზებით შეეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მას ხუთი წლის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.

ლე პენის თქმით, ამ ბრძოლაში მარტინ ლუთერ კინგის მაგალითს მიბაძავს.

​„ჩვენი ქცევის კოდექსი არასდროს იქნება სასტიკი, რომელიც სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის ზიანის მომტანი გახდება, არამედ ისეთი პაციფისტური, როგორიც იყო მარტინ ლუთერ კინგის“, – განაცხადა მარინ ლე პენმა პარიზში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მარინ ლე პენის თქმით, ის არ ითხოვს განსაკუთრებულ პრივილეგიებს, არამედ თანასწორ მოპყრობას კანონის წინაშე.

„ჩვენ არ ვითხოვთ, რომ კანონზე მაღლა ვიდგეთ, მაგრამ არც კანონს ქვემოთ უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთის თვალში დანაშაული ჩავიდინეთ იმით, რომ სამშობლოსა და მისი სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი ცხოვრების ბრძოლად ვაქციეთ“, – დასძინა ლე პენმა.

მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, ის არასდროს დანებდება და იმედს არ დაკარგავს.

„ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც არ ნებდება, არ თმობს. ვიცით, რომ, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით, ჩვენ ვიცავთ ფრანგი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, ყველა ფრანგისას, განსაკუთრებით იმ ფრანგებისას, რომლებიც დისკრიმინაციას განიცდიან საკუთარ ქვეყანაში“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.

ცნობისთვის, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია; მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. ამასთან, მარინ ლე პენის საჩივარზე პარიზის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს.