მარიხუანას რეგულარული მოწევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მარიხუანას რეგულარული მოწევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც მარიხუანას თვეში ერთზე მეტჯერ ეწევიან, გულის დაავადებებისა და ინფარქტის გაზრდილი რისკი აქვთ; თუმცა, ამავე კვლევამ გამოავლინა მექანიზმი და მოლეკულა, რომელიც შეიძლება ამ რისკს შეეწინააღმდეგოს.

მიუხედავად იმისა, რომ კავშირი გულის სუსტ ჯანმრთელობასა და მარიხუანას შორის უკვე იდენტიფიცირებულია, ახალი კვლევა უფრო მეტ სინათლეს სძენს ამ კავშირის უკან არსებულ მექანიზმს, ამავე დროს, აანალიზებს უზარმაზარი ნიმუშის მონაცემებს: ნახევარ მილიონ ინდივიდს.

თაგვებზე ჩატარებული დამატებით ტესტებში, კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC), ანუ მარიხუანას ფსიქოაქტიური კომპონენტი იწვევს როგორც ანთებას სისხლძარღვებში არსებულ ენდოტელიალურ უჯრედებში, ისე ათეროსკლეროზს (არტერიის გამკვრივება ან გასქელება).

„მარიხიუანას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. რომ რაც უფრო მეტ შტატში მოხდება მისი ლეგალიზება, ველოდები, რომ მომდევნო წლებში ვიხილავთ გულის შეტევებისა და ინსულტების გაზრდილ მაჩვენებელ“, — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი მარკ ჩენდი.

მისი განცხადებით, ადამიანისა და თაგვის უჯრედებზე მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად წარმოაჩინა, როგორ იწვევს THC-ის ზემოქმედება მოლეკულურ დაზიანებათა კასკადს სისხლძარღვებში.

ადამიანთა ნაწილში კვლევაში 500 000 პირი მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის პროექტიდან. ამ ინდივიდთაგან დაახლოებით 11 000, მარიხუანას თვეში ერთზე მეტჯერ ეწეოდა და მათ გულის შეტევის მნიშვნელოვნად დიდი ალბათობა ჰქონდათ.

გარდა ამისა, მარიხუანას მომხმარებლებს უფრო მაღალი ჰქონდათ გულის პირველი შეტევის ალბათობა 50 წელს ქვემოთ, ვიდრე არამწეველებს. ასეთ ნაადრევ გულის შეტევას შეუძლია გაზარდოს მომავალში გულის შეტევათა რისკი და სხვა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმარისი არ არის პირდაპირი მიზეზობრიობის საჩვენებლად, კვლევა აკონტროლებდა ორ სხვა ფაქტორსაც, მაგალითად, ასაკს, სხეულის მასის ინდექსსა და სქესს. ეს საკმარისია, რათა მოხდეს კანაფის მოხმარების, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორის იდენტიფიცირება.

რადგან მკვლევრებს ამ ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შესწავლა სურდათ, დაადგინეს, რომ რამდენიმე ანთებითი მოლეკულა მოხალისეთა სისხლში მნიშვნელოვნად იმატებდა მარიხუანას სიგარეტის მოწევიდან სამი საათის განმავლობაში. ამ ანთებას გულის შეტევის გამოწვევა შეუძლია.

დამატებითმა ტესტებმა აჩვენა, რომ THC ხელს უწყობს ანთებას ლაბორატორიაში გამოზრდილ ადამიანის ენდოტელიალურ უჯრედებში, ლაბორატორიის თაგვებს კი THC-ის შეყვანის შემთხვევაში უვითარდებოდათ მნიშვნელოვნად დიდი ათეროსკლეროზული ფირფიტები. ეს ყველაფერი საკმაოდ ყოვლისმომცველ ასოციაციას ქმნის.

THC საკუთარ ეფექტებს წარმოქმნის ადამიანის თავის ტვინში რეცეპტორ CB1-თან შეერთების მეშვეობით. მკვლევრებმა მანქანური სწავლების მოდელები გამოიყენეს, რათა შეესწავლათ CB1-ის მოწინააღმდეგეები: მოლეკულები, რომლებსაც ამ კავშირის შეზღუდვა შეუძლიათ მაშინ, როცა რეცეპტორი ზედმეტად აქტიური გახდება.

კვლევა წარმატებული აღმოჩნდა, გამოავლინეს გენისტეინი — სოიის მარცვლებში ბუნებრივად წარმოქმნილი მოლეკულა, რომელმაც თაგვებში THC-ის საზიანო ეფექტები დაბლოკა (ანთება და ათეროსკლეროზი), მაგრამ შეინარჩუნა ის ეფექტები, რომლებიც სასარგებლოა სამედიცინო გამოყენებისთვის (მათ შორის, ტკივილის შემსუბუქება და მადის სტიმულირება).

CB1 რეცეპტორის ანტაგონისტების გამოყენებით, გვერდითი ეფექტები ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გაზრდილი შფოთვა და განწყობის აშლილობები, მეცნიერებმა წარსულში უკვე აღმოფხვრეს, მაგრამ ადრეული ნიშნები ის არის, რომ ეს პრობლემები შეიძლება არ გამოჩნდეს გენისტეინთან ერთად.

„თაგვებში ვერ ვიხილეთ THC-ის ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი ან დამამშვიდებელი ეფექტების დაბლოკვა, რაც მარიხუანას პოტენციურად სასარგებლო სამედიცინო თვისებებია“, — ამბობს ჩენდი.

„შესაბამისად, გენისტეინი პოტენციურად უფრო უსაფრთხო პრეპარატია, ვიდრე წინა CB1 ანტაგონისტები. მას უკვე გამოიყენებენ საკვები დანამატის სახით და მისი 99 პროცენტი თავის ტვინს გარეთ რჩება; შესაბამისად, მან არ უნდა გამოიწვიოს ეს კონკრეტული გვერდითი ეფექტები“, — აღნიშნავს სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი მარკ ჩენდი.

შემდეგი ნაბიჯია ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარება იმის სანახავად, მართლაც შეუძლია თუ არა გენისტეინს გულის დაავადებათა რისკის შემცირება მარიხუანას მწეველებში. სამომავლო კვლევებმა ასევე შეიძლება შეისწავლოს CBD (კანაბიდიოლი), მარიხუანაში არსებული კიდევ ერთი კანაბინოიდი, რომელსაც THC-ის ფსიქოაქტიური ეფექტები არ აქვს.

მსოფლიოში მარიხუანას ლეგალიზაცია გრძელდება და როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ალბათ ათწლეულები დასჭირდება იმის ხილვას, თუ რა გრძელვადიანი ეფექტები აქვს მას გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია med.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.