მარიანო რახოი შესაძლოა, ესპანეთის პირველი პრემიერი გახდეს, რომელსაც უნდობლობას გამოუცხადებენ
მარიანო რახოი შესაძლოა, ესპანეთის პირველი პრემიერი გახდეს, რომელსაც უნდობლობას გამოუცხადებენ

მარიანო რახოის მომავალი საფრთხის ქვეშაა – ბასკების ნაციონალისტების პარტია უნდობლობის კენჭისყრაზე ხმას პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მისცემს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბასკური პარტიის გადაწყვეტილება პრაქტიკულად უზრუნველყოფს მარიანო რახოის გადაყენებას. იტალიის სამთავრობო ჩიხის პარალელურად, რახოის წასვლა სამხრეთ ევროპაში მეორე პოლიტიკურ კრიზისს წარმოშობს.

უნდობლობის კენჭისყრა პირველ ივნისს არის დაგეგმილი. ჯერჯერობით გაურკვეველია, გადადგება თუ არა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი კენჭისყრის დაწყებამდე. Euronews-ი წერს, რომ თუ რახო არ გადადგება, შესაძლოა გახდეს ესპანეთის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უნდობლობას გამოუცხადებენ.

უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევამდე „წესრიგზე პასუხისმგებელ რეჟიმზე“ გადავა.

მარიანო რახოის უნდობლობის კენჭისყრის ორგანიზატორი ესპანეთის სოციალისტური პარტიაა. ესპანეთში სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებული რამდენიმე წევრი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს.