მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი კიდევ 17 პაციენტს ჩაუტარდება
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი კიდევ 17 პაციენტს ჩაუტარდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ​ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა 44 წლის მამაკაცთან, რომელიც კორონავირუსის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა იყო.

„ჩვენ დადასტურებული გვყავდა ცხრა პაციენტი , რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი. ეს არის ერთი კლასტერი, მეოთხეზე პაციენტის კონტაქტია. 10 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდომარეობაა საშუალოზე მძიმე, მაგრამ მისი მდგომარეობაც სტაბილურია. ცხელება უგრძელდება მაგრამ ჩივილები მინიმალურად აქვს ახლა გამოხატული. გრძელდება მეთვალყურეობა. კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესირებას არ განიცდის. შემოსვლის შემდეგ. მე-10 პაციენტი, რომელიც როგორც დადასტურებული შემოვიდა ჩვენს ცენტრში. მეოთხე დადასტურებული შემთხვევასთან ერთ-ერთი კონტაქტია აღნიშნული პირი. გრძელდება ამ ჯგუფთან კონტაქტურების ძებნა. დასტურდება, რომ მეათე პაციენტი ნიკა გამყრელიძეა. დანარჩენი ცხრა პაციენტის მდგომარეობა არის უცვლელი. მათთან არ არის გამოვლენილი კლინიკურად თუნდაც მსუბუქი დაავადება. ტემპერატურა ყველასთან ამ ეტაპზე ნორმაშია, ჩივილები არ აქვთ, მიდის მეთვალყურეობა და დინამიკაში კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი კიდევ 17 პაციენტს ჩაუტარდება.

„გუშინ ჩაუტარდა ჩვენს ცენტრში მოთავსებულ 21 პაციენტს ტესტირება კორონავირუსთან მიმართებაში და მათთან ყველა იყო ნეგატიური პასუხი. ნაწილმა დატოვა კლინიკა და გადავიდა საკარანტინო სივრცეში. ნაწილი დღეს, დღის განმავლობაში დატოვებს ჩვენს ცენტრს. იმ პირების რაოდენობა, ვისაც უნდა ჩაუტარდეს ტესტირება დღეს დილისთვის არის 17 პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა სულ დადასტურებული, აქედან სამი ინფიცირებული დღეს დაემატა.