28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა. სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.