მარიამ ქვრივიშვილსა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ახალი წესების შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლებს სამუშაო ფორმატში შეხვდა და იმ ახალი გაიდლაინების შესახებ იმსჯელა, რომელიც იქნება სავალდებულოდ აღასასრულებელი ინდუსტრიის ყველა ბიზნესისა და მათ შორის სასტუმროებისთვის. ონლაინ ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ტურიზმის სექტორის 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შეხვედრამდე ტურიზმის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა დარგის წარმომადგენლებისთვის გაზიარებული დოკუმენტის სამუშაო ვერსია. მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ ონლაინშეხვედრაზე კი, დეტალურად მოხდა ინსტრუქციებისა და წესების შესახებ კონკრეტული მსჯელობა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ ნორმებს საქართველო ერთ-ერთი პირველი დანერგავს. სასტუმროების მომსახურე პერსონალის აღჭურვილობა, ხშირი სადეზინფექციო სამუშაოები, დეზობარიერების არსებობა, სასტუმროებში დალაგების კუთხით სიახლეები და სხვა – ეს არასრული ჩამონათვალია წესების, რომლის შესრულებაც სასტუმროებს ყოველდღიურობაში მოუწევთ.
„აღნიშნული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქედან გამომდინარე, რომ კერძო სექტორს ჰქონდა საშუალება, პირველად დოკუმენტს გაცნობოდა, ჩვენ კი, მათი კომენტარების მოსმენის შესაძლებლობა გვქონდა, რაც შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ კიდეც. უმთავრესია ბიზნესმა არათუ შეძლოს ახალ სტანდარტებზე ადაპტირება, არამედ მათ ასევე არ გაუჭირდეთ ბიზნესოპერირება. ამ პროცესში ძალიან ღირებულია კერძო სექტორის მოსაზრება. ახალი გაიდლაინების წინასწარ გაცნობა ეხმარება ბიზნესს, რომ სწორი მოლოდინები ჰქონდეთ და იცოდნენ, რა სავალდებულო რეგულაციები შემოვა ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურიზმის სექტორისთვის ახალი წესების შემუშავების პროცესში ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგები. მომდევნო დღეებში ჩვენ სექტორს საბოლოო ვერსიას წარვუდგენთ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
ონლაინ შეხვედრები ტურიზმის სფეროს ცალკეულ წარმომადგენლებთან გაგრძელდება.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული გაიდლაინების პროექტი, რამდენიმე დღეში გახდება საჯარო.