მარიამ ქვრივიშვილი - ზამთრის კურორტების ერთიანი მართვის პრინციპი მომსახურების დონესა და ქვეყნის პოპულარიზაციას გაზრდის
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავოსში დააანონსა ახალი ხედვა, როგორ შეიძლება, უფრო ეფექტიანად იმართებოდეს საქართველოში ზამთრის კურორტები, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა საკურორტო ზონის ერთი გენერალური მენეჯერის მიერ მართვის მიზნით, საკურორტო ზონებში მენეჯმენტ-კომპანიების შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნული ხედვა ეყრდნობა ძალიან სწორ მენეჯმენტ-გადაწყვეტილებას, რომელიც ზამთრის კურორტების ერთიანი მართვის პრინციპს გულისხმობს.
„რა ფორმით და როგორი სტრუქტურით იქნება წარმოდგენილი აღნიშნული უწყება, ჩემი მხრივ ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. აღნიშნულ საკითხზე იმუშავებენ შესაბამისი უწყებები – ყველა ის უწყება, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ, გუნდურად არის დაკავშირებული უშუალოდ კურორტებთან, მთასთან, ტურიზმის ინდუსტრიასთან. თუმცა, აქ მთელი ღირებულება არის, რომ ჩვენ აღნიშნული ცვლილებით მეტად გავაუმჯობესოთ სერვისები“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით 2019 წელს შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია ტურიზმის ინდუსტრიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული ყველა უწყება.
„ზოგადად, საერთაშორისო, ძალიან სწორი სტანდარტი არსებობს, ზამთრის კურორტების მართვასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც გააუმჯობესებს ჩვენს ზამთრის კურორტებზე მომსახურების დონეს და კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, პოპულარიზაციასა და სერვისების მიწოდებას, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.