მარიამ ქვრივიშვილი - ვაგრძელებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად იმ ჩვეულ ნორმას დაუბრუნდეს, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისხმობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.
დარგთან შეხვედრაზე სასტუმროები, ტურისტული ასოციაციები და ტუროპერატორები იყვნენ წარმომადგენლები.
„ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორთან შეხვედრებს, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. შეხვედრა, რომელიც ორმხრივ დიალოგზე იყო დაფუძნებული საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული გამოდგა. ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, მათ შორის როგორ მოხდება უცხო ქვეყნის მოგზაურების საქართველოში შემოსვლა, როგორ მუშაობს პროტოკოლები, ასევე როგორ მოქმედებს კერძო სექტორი, მას შემდეგ რაც ევროკავშირის ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში უპირობოდ მოგზაურობის უფლება მიეცათ. შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ შიდა ტურიზმის სტიმულირების შესახებ.
მოხარულები ვართ, რომ სასტუმროების, მცირე ბიზნესის მხრიდან გვაქვს პოზიტიური უკუკავშირი, ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონებს, რადგან კერძო სექტორის წარმომადგენლები უკვე ხედავენ შიდა ტურიზმის ნაკადების გაზრდის ღირებულებას მათი ბიზნესის კუთხით. შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ ახალი პროექტების შესახებ, რომელთა დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობა მუშაობს და შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ერთობლივ, პროდუქტიულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომ ტურიზმის ინდუსტრია ეტაპობრივად დაუბრუნდეს იმ ჩვეულ ნორმას, რაც ძლიერ კერძო სექტორს გულისხმობს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები იმ წესებს და რეგულაციებს გაეცნენ, რომელიც ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე გავრცელდება, ვისთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას სპეციალური ელექტრონული პლატფორმებისა და აპლიკაციის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორები ისარგებლებენ.