მარიამ ქვრივიშვილი - შიდა ტურიზმის გახსნა მთელ საქართველოს შეეხება
მარიამ ქვრივიშვილი - შიდა ტურიზმის გახსნა მთელ საქართველოს შეეხება

საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა შიდა ტურიზმის გახსნის და იმ სავალდებულო წესების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ტურისტული სექტორი უნდა აკმაყოფილებდეს.

მისი თქმით, ტურისტულად აქტიური იქნება ყველა კურორტი, სასტუმრო და კვების ობიექტი, რომელიც შესაბამის ნორმებს დაიცავს და სათანადო სტანდარტებს დანერგავს.

„როგორც უკვე იცით, 15 ივნისი  შიდა ტურიზმის გახსნის თარიღია, ხოლო პირველი ივლისი საერთაშორისო მოგზაურების, რაც ასევე გულისხმობს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით ტურისტების შემოსვლას. შიდა ტურიზმის გახსნა სრულიად საქართველოს შეეხება. ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ის კრიტერიუმები, რომელსაც სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული კომპანიები, გიდები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მოქალაქეები დაცულები იყვნენ. ყველა ის კურორტი, სასტუმრო თუ კვების ობიექტი, რომელიც დანერგავს საერთაშორისო ნორმებს ტურისტულად აქტიური  იქნება.  ჩვენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობა ხელს შევუწყობთ კერძო სექტორს ამ ნორმების დანერგვაში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ე.წ. მწვანე ზონების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იქნება  სხვადახვა რეგიონში განაწილებული, სრულად დაცული ტერიტორიები.

„რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც არის ე.წ. მწვანე ზონები, აქ აქცენტი გაკეთდება „კოვიდისგან“ თავისუფალ ზონებზე, რომლის გამოცდილებაც,საბედნიეროდ, უკვე ძალიან ბევრ სასტუმროს დაუგროვდა,  რომელიც ორი თვეა, საკარანტინო სივრცეების ფორმატშია. შემუშავდება გაიდლაინები, რომელიც ყველა კურორტისთვის მსგავსი შინაარსის იქნება, ცალკე შეიქმნება სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის. შესაძლებელია, იყოს მკაცრი ზომები, თუმცა ეს სიმკაცრე ყველას გადაგვაზღვევს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო მოგზაურებსაც“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ამასთან, მისი თქმით, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის კუთხითაც დაიწყება მუშაობა.