მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია 60-მდე პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს, რამაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო
საქართველოს მთავრობის სწორი სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია ვითარდება, ძლიერდება და ძალიან სწრაფი ტემპებით უბრუნდება პანდემიამდელ ნიშნულს, – ასე აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ იანვარი-ივნისის თვეების სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, ამ პერიოდში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9 %-ს შეადგენს. ამასთან, მისივე თქმით, ექვს თვეში ქვეყანაში 1 930 483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ია.
„დღეს საქართველოს ბაზარზე 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 60-მდე პირდაპირი მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ, ფაქტობრივად, ყოველთვიურად გავზარდოთ გამტარუნარიანობა და პირდაპირი კავშირი ჩვენთვის სტრატეგიულ, სამიზნე – ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რათა ქვეყანაში კიდევ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მონაცემები 100 პროცენტით აღდგა და პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა.
რაც შეეხება 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, საქართველოში 1 651 655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.