მარიამ ქვრივიშვილი - სახელმწიფოს მთავარი მიზანია, დაიცვას უსაფრთხოება და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, გადაჭარბებული სიმკაცრით მიდგომა ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა
არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ბათუმში არავითარი საკარანტინო შეზღუდვების დაწესება დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებმა, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულმა ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები უნდა დაიცვან.
„შიდა ტურისტული ნაკადების საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია ვითარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც ძალიან მისასალმებელია. მოგეხსენებათ, დღევანდელი დღის სასაუბრო თემა შეეხება აჭარას, კონკრეტულად ბათუმს. არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არავითარი საკარანტინო შეზღუდვების დაწესება არ არის დაგეგმილი ბათუმში. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ექვემდებარება კონტროლს, თუმცა მნიშვნელოვანია, თითოელმა ჩვენგანმა განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულმა ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჩვენმა მოსახლეობამ, დამსვენებლებმა მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ელემენტარული წესები, რომლებიც, პირველ რიგში, გვეხმარება ვირუსის პრევენციისთვის. მეორეს მხრივ, ორმხრივი პასუხისმგებლობა გვეხმარება, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე სახის შეზღუდვა, რომელიც იქნება საკმაოდ მტკივნეული.
როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, ვირუსის გავრცელების პრევენციასთან ერთად, ეკონომიკის დარგებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა განხორციელდეს. მისივე თქმით, ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი, საქართველომ მწვანე ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს.
„გვაქვს საკმაოდ პოზიტიური უკუკავშირი არაერთი კურორტიდან, რეგიონიდან. მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას. მოგეხსენებათ, მთავრობის გამოხატული პოლიტიკა ვირუსთან თანაცხოვრების დროს ეხება ვირუსის გავრცელების პრევენციას, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, მოხდეს ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგებისა და ზოგადად, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ამიტომაც საკორდინაციო საბჭოზე განხილული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო გასართობი ღონისძიებები, ღია სივრცეში არსებული კლუბები თუ სხვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების დასვენების ხელშეწყობისთვის, ბიზნესის ხელშეწყობისთვის იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაქსიმალურად ბიზნესმა გააკეთოს ორი რამ: ერთი, თანამშრომლების სისტემატური ტესტირება, რათა ვირუსი კიდევ ერთხელ არ გავრცელდეს და მოხდეს სივრცეების ხშირი დეზინფიცირება. ერთობლივი მუშაობით ჩვენ კიდევ ერთხელ გავალთ მნიშვნელოვან ნიშნულზე, შევინარჩუნებთ მწვანე ქვეყნის სტატუსს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს სტატუსიც გვეხმარება, გახსნის პროცესები იყოს ეფექტური, სწრაფი. ასევე მეორე მხრივ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონეირებისთის და ასევე გრძელვადიანი სტრატეგიისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, როდესაც ბიზნესში მკაფიო და მკვეთრად გამოხატული მაღალი რისკის ხარვეზებია, მაშინ შესაბამისი ჯარიმების გამოწერა ხდება.
„ყველა ინდუსტრიის და ბიზნესის ცალკეული გახსნასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ გაწია უდიდესი შრომა და შეიმუშავა ის პროტოკოლები, რომლებიც ხელს უწყობს, პირველ რიგში, ბიზნესის ამოქმედებას, მაგრამ ამოქმედებას უსაფრთხოდ. მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში ყველა პროტოკოლი არის შემუშავებული კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. სახელმწიფოს მთავარი მიზანია, დაიცვას ქვეყნის შიგნით უსაფრთხოება და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა და იქნება გადაჭარბებული სიმკაცრით მიდგომა ან საუბარი.
მოგეხსენებათ, ბიზნეს კონკრეტული მიმართულებით საკმაოდ გამოწვევები უდგას, თუმცა მაშინ, როდესაც კონკრეტული მონიტორინგის სამსახური მას შეეხება, აქვს ძალიან მკაფიო და მკვეთრად გამოხატული, მაღალი რისკის ხარვეზები, ეს პროცესი ძალიან გამჭვირვალეა და მაშინ ხდება შესაბამისი ჯარიმების გამოწერა. არა ერთი ბიზნესია, რომელიც ჯერ გააფრთხილეს, თუ არ აღმოფხვრიან არსებულ გამოწვევებს, შემდგომში, პირველ რიგში, მოსახლეობის და მომხმარებლის ინტერესბიდან გამომდინარე, ხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.