მარიამ ქვრივიშვილი - რეგულაციები სავალდებულოა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის, კერძო სექტორისთვის ეს მძიმე ტვირთი არ იქნება
ტურიზმის ინდუსტრიისთვის „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების დანერგვის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორს ტრენინგებს შესთავაზებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულებით უსასყიდლო იქნება, – ამის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ახალი რეგულაციები გიდებისთვის, სასტუმროებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო ბიზნესისა და სატრანსპორტო კომპანიებისთვის და სხვა სექტორებისთვის შემუშავდა. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რეგულაციები კერძო სექტორის მონაწილეობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეპიდემიოლოგებთან, კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ტურიზმის სფეროში დასანერგ რეგულაციებზე, რომელიც სავალდებულო იქნება სექტორის წარმომადგენლისთვის. რეგულაციები შეეხება სასტუმრო, სარესტორნო ბიზნესს, ასევე ტურისტულ კომპანიებს, გიდებს და ტურისტულ ტრანსპორტს. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ რეგულაციების შექმნისას კერძო სექტორის როლი ყოფილიყო დიდი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორის წარმომადგენლები ამ რეგულაციების თანაავტორები არიან. მათი ყველა თხოვნა ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს. ეს არის სრული პასუხისმგებლობით დანერგილი რეგულაციები, რაც პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ეს არ იქნება მძიმე ტვირთი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომ დანერგონ და შემდეგ სწორად აღასრულონ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, ასევე გამოქვეყნდა რეკომენდაციები ტურისტული ოპერატორებისა და გიდებისთვის; სასტუმროებისთვის და სხვა ტიპის ობიექტებისთვის.