მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტი მასშტაბური ტემპებით ვითარდება, ჩვენ სწორი სტრატეგია გვაქვს
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტი მასშტაბური ტემპებით ვითარდება, ჩვენ სწორი სტრატეგია გვაქვს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ძალიან დიდი და მასშტაბური ტემპებით ვითარდება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

„ჩვენ გვაქვს სწორი სტრატეგია, რომ კიდევ უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყანასთან, სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზართან, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობას. შესაბამისად ეს აღიარება ნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტი ძალიან დიდი და მასშტაბური ტემპებით ვითარდება, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ასეთივე სტატისტიკით ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ტურისტების ნაკადის შემოსვლა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა. საბჭოს მონაცემებით, შარშან ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 41.6 პროცენტით მოიმატა.