მარიამ ქვრივიშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ საქართველოს აღიარება მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს აღიარება არის ძალიან დიდი მესიჯი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, რადგან ეს არის ყველაზე მაღალი რანგის უწყება ტურიზმის ინდუსტრიაში, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ძალიან პოზიტიურად შეაფასა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც პირველი ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ის, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველო იქნება ის ქვეყანა, სადაც სექტემბერში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება ჩატარდება.
„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე გადაწყვიტა, რომ საქართველოსადმი მაღალი ნდობით, რომელიც განპირობებულია კოვიდთან წარმატებული ბრძოლით, ტურიზმის, კერძო სექტორის გამოწვრთნით კარანტინების პროექტის ფარგლებში, მზადყოფნაა, ამიტომაც გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება, სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზება დაიწყება დღეიდან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მისცემს.
„გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია, კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, საქართველო ბევრად უფრო ცნობადი გახდება. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა გვაქვს ის უპირატესობა, რომ შევძლოთ და დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, წარმატებული ქვეყანა და ამავდროულად, მოვიზიდოთ ის მხარჯველუნარიანი ტურისტი, რომლის წილის გაზრდაზე მუდმივად ვმუშაობდით. ეს დაეხმარება ჩვენს კერძო სექტორს შემოსავლის მიღებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ ამ ინდუსტრიაში, გააგრძელებენ მუშაობას. იმედს ვიქონიებთ, რომ ტურიზმი მეტად გაზრდის დასაქმების არეალს ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევის შემდგომ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.