მარიამ ქვრივიშვილი - „კოვიდ-19“-ის პირობებში მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, რომ ახალ სტანდარტებთან ადაპტირდნენ
მარიამ ქვრივიშვილი - „კოვიდ-19“-ის პირობებში მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, რომ ახალ სტანდარტებთან ადაპტირდნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტების საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებთან გათანაბრების გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „კოვიდ-19“-ის გამო ტურიზმის სექტორისთვის სავალდებულო რეგულაციების დანერგვა გახდა საჭირო.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებულ სატრანსპორტო კომპანიების იმ ფორმით ოპერირებას, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობა დაცული იყოს.

„რეგულაციებზე მუშაობა სასტუმროების, კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, გიდების, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობდა და კერძო სექტორთან კომუნიკაციის შედეგად დამტკიცდა.

შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და კერძო სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს გაუთანაბრდეს.

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებულ სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას იმ ფორმით, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. „კოვიდ-19“-ის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, რომ ადაპტაცია მოახდინონ ახალ სტანდარტებზე“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 22 ივნისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.