მარიამ ქვრივიშვილი - „იზიჯეტის“ საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განაცხადია ევროპის ტურისტულ ბაზარზე
ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, საბოლოოდ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ბრიტანულ ავიაკომპანია „იზიჯეტთან“ (easyJet), რომელიც საქართველოში ოპერირებას იწყებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის კიდევ ერთი ახალი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანია, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, გააძლიერებს ქვეყნის ტურისტულ პროდუქტს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის აპრილიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკებისა და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან, ირაკლი ქარქაშაძესა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გამართა. მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მისი წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კომპანიის საქართველოს ბაზარზე ოპერირების პროცესს.
„ჩვენი ინდუსტრიისთვის „იზიჯეტის“ შემოსვლა არის სრულიად ახალი განაცხადი. მისი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით მოვახდენთ ეკონომიკის ორი ძირითადი მიმართულების – ტურიზმისა და ავიაციის განვითარებას. ვგეგმავთ, რომ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ სამივე ქვეყანაში იმისთვის, რომ პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთად შევძლოთ და უფრო მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ საქართველოში. ავიაცია საკმაოდ რთული და კომპლექსური სექტორია და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი და ორი დღის მუშაობის შედეგი, საკმაო ხანია, ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან ერთად, აღნიშნულ თემაზე მუშაობს და მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები ლოგიკურად, წარმატებით დავასრულეთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი „იზიჯეტი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. 2023 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ 83 მლნ მგზავრი გადაიყვანა, წლიური შემოსავალი კი 10.8 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტი იყო. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
დღეს პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი, მათ შორის, საავიაციო პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„ასეთი ძლიერი ბრენდის შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან გააძლიერებს. დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წლის მარტიდან ჩვენ უკვე ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს აღნიშნული ქვეყნებიდან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.