მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გაზარდოს ქვეყნის ტურისტული ცნობადობა
მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გაზარდოს ქვეყნის ტურისტული ცნობადობა

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, გამხდარიყო გამარჯვებული და 2023 წელს ITB Berlin-ზე  მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ვიყოთ წარდგენილი. ფაქტობრივად, 25-მდე ქვეყანას ასევე სურდა, რომ მომავალ წელს მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში მასპინძლის რანგში მიეღო მონაწილეობა, – აღნიშნა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ITB Berlin-ის გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში მონაწილეობაზე განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გააკეთა და  ეს სტატუსი წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან კონკურენციაში მოიპოვა.

„ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს აძლევს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ პირველ რიგში – გაზარდოს ქვეყნის ტურისტული ცნობადობა და გაზარდოს ის საერთაშორისო არეალზე. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კერძო სექტორის გაძლიერებას როგორც გერმანულ, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის დასრულების შემდეგ, ამ პროექტით და იმით, რომ საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყანა, ჩვენი ტურიზმის სექტორი კიდევ უფრო სწრაფად დაუბრუნდება „კოვიდ-19“-მდე მაჩვენებელს და მეტიც, გადააჭარბებს ჩვენს ტრადიციულ, ისტორიულ, ყველაზე მაღალ ნიშნულს ტურიზმის სექტორში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ITB Berlin ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად 181 ქვეყნის 10 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და ასი ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.