მარიამ ქვრივიშვილი - იმედს ვიტოვებთ, რომ ისრაელში ეპიდვითარება დასტაბილურდება და ის იქნება პირველი ქვეყანა, რომელთანაც მოხდება ტურისტული ნაკადების მიმოსვლა
ისრაელში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, ისრაელის მთავრობასთან მოლაპარაკებები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელში ეპიდსიტუაცია გამწვავდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლების ვადა ორი კვირით გადაავადა. როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, ისრაელი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიულობით გამოირჩევა და იმედს იტოვებს, რომ სწორედ ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც ტურისტული ნაკადების მიმოსვლა მოხდება.
„საქართველოს მთავრობა აქტიურ რეჟიმში აწარმოებს მოლაპარაკებებს ტურისტულ ქვეყნებთან. ჩვენ ძალიან აქტიურ ფაზაში გვაქვს სამუშაო პროცესი ისრაელთან. რა თქმა უნდა, მთავარი ინდიკატორი ამ ქვეყნების შერჩევისას ეს არის ეპიდმდგომარეობა, რომელიც მუდმივად, ერთი მხრივ, პოზიტიურ თუ მეორე მხრივ, ნეგატიურ ჭრილში ცვალებადია. როგორც ყველა სხვა ქვეყანა, საქართველო გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე მდგომარეობას. ისრაელში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნამდვილად შეცვლილია მდგომარეობა ნეგატიურ ჭრილში. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ ორი კვირით გადაავადოს საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლების ვადა და პერიოდი. ეს ჩვენ მიდგომას მათ მიმართ არ ცვლის მათთან მიმართებით. ჩვენთვის ისრაელი გამოირჩევა განსაკუთრებული სტრატეგიულობით. იმედს ვიტოვებთ, ეპიდვითარება დასტაბილურდება. იქიდან გამომდინარე, რომ ნათელია ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან გადავადებული ორკვირიანი ვადა, ვფიქრობთ, საკმარისია იმისთვის, რომ ვითარება დასტაბილურდეს. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ისრაელის მთავრობასთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ისრაელი იქნება ის პირველი ქვეყანა, რომელთანაც მოხდება ტურისტული ნაკადების მიმოსვლა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.