მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი მთავარი მიზანია, ივნისის მოვლენები ზამთრის კურორტებზე არ აისახოს
ქვეყანა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის სრულიად მზად არის. ჩვენი მთავარი მიზანია, ივნისის მოვლენები ზამთრის კურორტებზე არ აისახოს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.
გადაცემაში ბრიტანეთის ტურისტული ასოციაციის [ABTA] მიერ 2020 წლის საუკეთესო 11 ტურისტულ ქვეყანას შორის საქართველოს საუკეთესო მიმართულებად დასახელების მნიშვნელობა განიხილეს. გადაცემის წამყვანი ასევე დაინტერესდა, როგორ ხვდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ზოგადად ქვეყანა კარს მომდგარ ზამთრის ტურისტულ სეზონს.
ქვრივიშვილის განცხადებით, ზამთრის სეზონს ქართული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც და კერძო სექტორიც სრული მზადყოფნით ხვდება.
„ჩვენ, როგორც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია სამიზნე ბაზრებზე, ფაქტობრივად, სექტემბრიდან დავიწყეთ მთელი რიგი მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, რაც სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე მიმდინარეობს. შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მზად ვართ, ზამთრის კურორტებზე საერთაშორისო ვიზიტორებს ვუმასპინძლოთ. ჩვენ გამოწვევებით სავსე წელი გვქონდა და ახლა ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ივნისის თვის მოვლენებიდან გამომდინარე პროცესები ზამთრის კურორტებზე არ აისახოს. ვგულისხმობ, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტები დავკარგეთ. აქედან დიდი ნაწილი ჩვენი ზამთრის კურორტების ვიზიტორი იყო. ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე მარკეტინგული კამპანიის მიმართულებით. კოლეგები მთის კურორტების განვითარების სააგენტოდან უშუალოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილზე ზრუნავენ და ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა კუთხით მზად ვართ – როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე უშუალოდ პროდუქტის ცნობადობის გაზრდის მხრივ. კერძო სექტორიც მზად არის“, – განუცხადა მარიამ ქვრივიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.