მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი მისიაა, შევინარჩუნოთ ტურიზმის ძლიერი ინდუსტრია და ამ სფეროში დასაქმებულებს ჰქონდეთ შემოსავლის წყარო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე ოფიციალურად მზად არის პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პირდაპირ პროპორციულად დაეხმარება ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებს ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ და პირველ ნოემბრამდე არ მოუწევთ საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდა.
„ეს პირდაპირ ეხება 18 ათას გადამხდელს და დაახლოებით 50 ათას დასაქმებულ პირს. ჯამში ტურიზმის მიმართულებით ეკონომიკაში 100 მილიონ ლარზე მეტი რჩება. მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია გაძლიერდეს. დღეს მთავარია ტურიზმის სფეროში როგორც მცირე, საშუალო, ასევე მსხვილმა კომპანიებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. იმ სასტუმროებს, რომლებსაც სულ მცირე ოთხი და მაქსიმუმ 50 ნომერი აქვთ. სახელმწიფო საბანკო სესხების თანადაფინანსების კუთხით დაეხმარება. უშუალოდ აღნიშნულ პროექტს „აწარმოე საქართველოში“ კურირებს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა პროექტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ტურიზმის მიმართულებით რა ტიპის კომპანიებს ექნებათ შეღავათებით სარგებლობის საშუალება და მათი მოცულობა საკმაოდ დიდია.
„სასტუმროებთან ერთად ეს ეხება ტურისტულ კომპანიებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო, შეხვედრების ინდუსტრიის და ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლებს.
დღეს ჩვენ ორი მისია გვაქვს – შევინარჩუნოთ უკვე აშენებული, ტურიზმის ძლიერი ინდუსტრია და ამ სფეროში დასაქმებულებს ჰქონდეთ შემოსავლის წყარო. ეს არის გარდამავალი პერიოდი და ჩვენი მოლოდინები პოზიტიურია. გვყავს ძლიერი კერძო სექტორი, საქართველოს მთავრობა გამოირჩევა ძალიან სწრაფი, ეფექტიანი გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის მხარდამჭერი პროექტებით“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.