მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.
„სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად საქმიანობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი სამოქალაქო ავიაციის სექტორში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9%-იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩინეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებდა.
ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე – კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო, 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.