მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, ტურისტული და საავიაციო მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას
მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, ტურისტული და საავიაციო მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას

ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობით გამოირჩევა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება იქნება უდიდესი სტიმული, რათა პირდაპირი საჰაერო რეისების სიხშირე ჩინეთთან გაიზარდოს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმსა და ავიაციაზე – და, ცხადია, არამხოლოდ – ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობა შეეძლებათ უვიზოდ.

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაუქმებულიყო სავიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და არის ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ავიაციის, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირად ჩინეთის მხრიდან მიღებული არსებული გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, ტურისტული და ასევე საავიაციო მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას.

რაც შეეხება ავიაციაზე პირდაპირ გავლენას, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება უდიდესი სტიმული, რათა გვქონდეს უფრო მეტად გაზრდილი პირდაპირი საჰაერო სიხშირეები, მათ შორის გაზრდილი რაოდენობა ქალაქებსა და აეროპორტებს შორის ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ლიბერალური პოლიტიკით, რაც ერთ-ერთი მთავარი წარმატების ფორმულაა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის ზრდის კუთხით. განსაკუთრებით შორი მანძილის ქვეყნებზე მნიშვნელოვანია სავიზო პოლიტიკის შემსუბუქება, იქიდან გამომდინარე, რომ ავიაკომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, ორივე გზაზე იხილოს მეტი მგზავრი.

როგორც ვხედავთ, მზარდია მგზავრთნაკადი. გასული წლის განმავლობაში 85 000-ზე მეტმა ადამიანმა იმგზავრა აღნიშნულ მონაკვეთზე. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს ავიაკომპანიებს, ფრენების სიხშირე ორ ქვეყანას შორის გაზარდონ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას მისცემს დამატებით შესაძლებლობას, შემოიყვანოს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე. ეს გააძლიერებს ჩვენს ადგილობრივ მეწარმეებს და, საბოლოო ჯამში, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მივიღებთ მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანიებთან, რომ გაიზარდოს საჰაერო სიხშირეები და მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები, მუდმივი მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანიებთან, რომ გაიზარდოს საჰაერო სიხშირეები და მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებთანაც, ადგილობრივ ჩინურ ავიაკომპანიებთან, რათა გავზარდოთ კიდევ უფრო მეტი ქალაქიდან და აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ჩვენს სამივე საერთაშორისო აეროპორტში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.