მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანიების მომართვიანობის საფუძველზე, მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება
2022 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით დიდია განაცხადები ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეისებისა და მიმართულებების რაოდენობიდან გამომდინარე, პოზიტიური პროგნოზები არსებობს მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ფრენები შესრულდება 34 ავიაკომპანიის მიერ, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით.
მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში 2022 წლის მარტში ტურისტული ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით, უკვე 50%-მდე აღდგა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება. მისი თქმით, სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი განაცხადების ან ახალი გადამზიდავების ინტერესის შესაბამისად.
„ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული სექტორის მხარდაჭერას, რისი მაგალითიცაა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიას, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს შეღავათი, რომელიც ჩვენ სექტორთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ, ხელს შეუწყობს დარგის აღდგენის პროცესს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.